ნაშრომის წერა

კვლევითი ნაშრომი წარმოადგენს აკადემიური პრობლემის წერილობითი ფორმით გადაჭრას საბიბლიოთეკო გამოკვლევის ან თავად სტუდენტის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის საფუძველზე. შესაბამისად, ის ორი სახისაა: საბიბლიოთეკო და ექსპერიმენტული. ეს ორი სახის კვლევითი ნაშრომი სხვადასხვა მიზანს ემსახურება: პირველი აჯამებს და აფასებს არსებულ წყაროებს, რათა საკუთარი თეზისი განავითაროს; მეორე კი მოიპოვებს პირველად ინფორმაციას სოციალური კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, იქნება ეს ექსპერიმენტი, ინტერვიუ, კონტენტანალიზი, თუ სხვ. მიზნიდან გამომდინარე, მათი სტრუქტურაც განსხვავებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამართული კვლევითი ნაშრომი, იქნება ეს საბიბლიოთეკო თუ ექსპერიმენტული, მსგავსი ნიშნებით გამოირჩევა:

  • ნაშრომში განსაზღვრულია პრობლემის აქტუალობა, კვლევის მიზანი და ამოცანები;
  • ნაშრომში ნათლადაა გააზრებული პრობლემის ირგვლივ არსებული წყაროები;
  • ნაშრომი სტრუქტურულად გამართულია;
  • ნაშრომი ლოგიკური თანმიმდევრულობით გამოირჩევა;
  • ნაშრომი აკადემიური სტილით არის შესრულებული;
  • ნაშრომი სწორად და აკურატულად ახდენს ციტირებას, პერიფრაზირებასა და შეჯამებას;
  • ნაშრომში სწორად და აკურატულადაა მითითებული ,,ჩართულები”;
  • ნაშრომში მკაცრად არის დაცული წყაროების მითითების ერთი განსაზღვრული ფორმატი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვლევითი ნაშრომი — საბიბილიოთეკოა ის თუ ექსპერიმენტული, გარკვეულწილად მსგავსადაა ორგანიზებული, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ APA ფორმატის ფარგლებში.გავეცნოთ APA სტილის გამოყენებას ნაშრომის მთლიან სტრუქტურაში:

სათაურის გვერდი მოიცავს სამ ძირითად სათაურს:

  •  ნაშრომის სათაური (მაქსიმუმ 10-12 სიტყვა.);
  •  სტუდენტის სახელი და გვარი;
  •  სასწავლო დაწესებულება;
  •  ხელმძღვანელის სრული სახელი და გვარი, რეგალია.

თითოეულს შორის დაშორება ორი 2-2 ინტერვალია და გათანაბრებულია გვერდის ცენტრში მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ. თუ ნაშრომის სათაურს ერთ სტრიქონზე მეტი უკავია, ისიც 2-ინტერვალიანია.

სათაურის გვერდს მოსდევს ანოტაცია ანუ აბსტრაქტი, რაც ნაშრომის შეჯამებაა. ის მოთავსებულია გვერდის ცენტრში, 2 ინტერვალითაა დაშორებული სათაურიდან და წარმოადგენს ერთ პარაგრაფს, რომელიც აბზაცის გარეშეა დაწერილი. ანოტაცია შედგება 75-100 სიტყვისაგან თეორიული ნაშრომებისათვის და 100-150 სიტყვისაგან ემპირიული ნაშრომებისათვის.

ნაშრომის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგ დეტალებს:

  •  გვერდი ყოველი მხრიდან 1.5 ინტერვალითაა დაშორებული;
  • მთელი ნაშრომი 2-ინტერვალიანია, გარდა მცირერიცხოვანი გამონაკლისებისა: ცხრილებსა და გრაფიკებში ნებადართულია 1-ინტერვალის გამოყენება; ქვესათაურებისა და სქოლიოს წინ, აგრეთვე ტექსტში ცხრილების წინ და შემდეგ, 3-4 ინტერვალის გამოყენებაა ნებადართული;
  • ნაშრომის პირველი გვერდი იმეორებს სათაურს, რომელიც მოთავსებულია
  • ყველა პარაგრაფი 5-ინტერვალიანი აბზაცით იწყება;
  • შესავალი უსათაუროა, ყველა დანარჩენი ნაწილი კი (მეთოდები, შედეგები, დისკუსია/დასკვნა, ბიბლიოგრაფია) - სათაურიანი; ისინი დამოუკიდებელ თავებს წარმოადგენენ, ამიტომ თითოეული მათგანი ახალი გვერდიდან იწყება;
  • ყველა სათაური დიდი შრიფტით არის დაბეჭდილი და ცენტრში გათანაბრებული; ნებისმიერი ცხრილი და გრაფიკი მოთავსებულია შესაბამის ადგილას ტექსტში:
  • მოკლე ცხრილები და გრაფიკები ჩართულია ტექსტებს შორის იმავე გვერდზე;
  •  გრძელი ცხრილები და გრაფიკები ცალკე გვერდზეა მოთავსებული, უშუალოდ იმ გვერდის შემდეგ, რომელზეც ისინი პირველადაა ნახსენები;
  • სათაურები დგას ცხრილების დასაწყისში და გრაფიკების ბოლოს; ნებისმიერი დანართი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებს გვაცნობს, მოთავსებულია სულ ბოლოს, ბიბლიოგრაფიის შემდეგ;
  • თითოეული დანართი იწყება ახალი გვერდიდან;
  • გვერდის ნომერი დანართშიც უნდა იყოს მითითებული;
  • დანართის სათაურები „დანართი 1“, „დანართი 2“ და ა.შ. გათანაბრებულია გვერდის ცენტრში.

    [Sorenson, S. (3rd ed.). (2002). How to Write Research Papers. New York: Macmillan Reference USA.]








კონფერენციები

Created By Lemons