თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 15სექტემბერს დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 15სექტემბერს დაიწყებაპირველკურსელთა მისასალმებელი საზეიმო მისასალმებელი ცერემონია 10 სთ-ზე დაიწყება.  მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს უნივერსიტეტის რექტორი ბატონიზურაბ ვადაჭკორია და მოწვეული სტუმრები

     

2014 წლის 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთნაირი სიხარულით ხვდებოდნენ სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც ყურადღების ცენტრში გამორჩეულად პირველკურსელები მოექცნენ. მათ სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. საზეიმო ღონისძიება თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატი, ადმინისტრაცია, წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოები, პროფესორ–მასწავლებლები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა და ამაღლებული განწყობილებით ვხვდებით. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ. გვჯერა, რომ ახალი მიღწევებით კვლავაც გაგვახარებთ და თქვენი სახელოვანი ალმა–მატერი  იამაყებს თქვენით. ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებულია პირველკურსელთათვის. მადლობას გიხდით, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი. აქ უმდიდრეს ტრადიციებზე და  გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიღებთ იმ განათლებას, რაც მომავალში თქვენი პროფესიონალიზმის საფუძვლად იქცევა  და წარმატებული ცხოვრების საწინდარი იქნება. პირველკურსელებმა წელს განსაკუთრებულ კონკურსში გაიმარჯვეთ. მიუხედავად იმისა, რომ თსსუ–ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საგამოცდო ბარიერი უპრეცედენტოდ იყო აწეული, თსსუ–ში მაინც შენარჩუნდა მაღალი კონკურსი... არცერთ სამედიცინო სკოლაში კონკურსი არ ყოფილა. თქვენ გაიმარჯვეთ იქ, სადაც ერთ ადგილზე სამი აბიტურიენტი მოდიოდა“...

      

თსსუ–ის რექტორმა აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  მოწინავე სამედიცინო სკოლაა მთელს ამიერკავკასიაში, მისი კურსდამთავრებულები წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ  არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც.  მან დიდი მადლიერება გამოხატა მათ მიმართ, ვინც წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა და უზრუნველყო ახალი პარტნიორი უნივერსიტეტების მოძიება უცხოეთში. ესენი არიან უნივერსიტეტისთვის და საერთოდ, ჩვენი საზოგადოებისთვის პატივსაცემი  ბატონები და ქალბატონები: გიორგი გრიგოლია,  ფრიდონ თოდუა, ელგუჯა გოცირიძე, ნინო ჭუმბურიძე, ირმა კვიცარიძე...

სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ: „პარლამენტის სახელით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს. მთავრობამ ერთ–ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა განათლება და ჯანდაცვა. რადგან  ძლიერი სახელმწიფოს და ერის საფუძველი განათლებული და ჯანმრთელი ადამიანები არიან. უამრავი პროფესია არსებობს, მაგრამ მედიცინა განსაკუთრებულია. ის მოითხოვს დიდ შრომას, გამოცდილებას და უდიდეს პასუხისმგებლობას... ჩემთვის ეს გარემო მშობლიურია. აქ დავეუფლე პროფესიას, რომლითაც დღემდე ვამაყობ... მჯერა თქვენ შორის იქნება ბევრი წარმატებული ექიმი... წინსვლას გისურვებთ!“

თეთრი ხალათებით შემოსილ, ახალი სასწავლო წლის დაწყებით გახალისებულ ახალგაზრდებს მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა: „ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2014–2015 სასწავლო წლის დაწყებას თქვენთან ერთად ვხვდები... როგორც ძველი საბერძნეთის წარმომადგენელმა, მედიცინის მაშინდელმა რეფორმატორმა აღნიშნა, მედიცინა მეცნიერებათა შორის ყველაზე უფრო კეთილშობილია. მართლაც ასეა... თქვენ ურთულეს გზას გაივლით, რადგან  ექიმი არ წყვეტს განათლებას. ცოდნა არასოდეს არის საკმარისი... წარმატებას გისურვებთ ამ გზაზე“. ქალბატონმა ქეთევანმა მიმოიხილა სახელმწიფოს სტრატეგიული მიდგომა განათლების სფეროსადმი და კიდევ ერთხელ გააცნო ახალგაზრდებს ის პერსპექტივები, რაც მათ ეძლევათ უმაღლესი განათლების მიღებისას საქართველოში.

სტუდენტებს სიტყვით მიმართა დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თსსუ–ის  სტუდენტები ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიის შესწავლას აპირებენ და ამ საქმის მთელი სერიოზულობის გააზრებისკენ მოუწოდა.

 სტუდენტებს მიესალმნენ: ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორი, საქართველოს და თბილისის საპატიო მოქალაქე კენტ ვოლკერი; მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანსის ლუისი; ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კარდიოთორაკალური ტრანსპლანტოლოგიური და  სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ულრიხ მარტინი; ბოსტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტების სამედიცინო რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი ჯეიმს ლიი. მათ ცალსახად აღნიშნეს თსსუ–ის მნიშვნელოვანი როლი სამედიცინო სფეროში და ის მიღწევები, რაც აქ დღეს უკვე დანერგილია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კი მომავალი 15 წლის მანძილზე აუცილებლად უნდა დაინერგოს...

     

ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართეს: ღვაწლმოსილმა პედაგოგმა,  პროფესორმა ნიკოლოზ გონგაძემ, უცხოელმა სტუდენტებმა: მარიო ანანდაკამ, უტა ზონიქსიმ და ტანია ანუვსკიმ. თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ  ყველაზე მაღალი რეიტინგის ათ  პირველკურსელს: ნანული გვაზავას, ნინო ნეფარიძეს, თამარ ცოცხალაშვილს, მამუკა ბლიაძეს, კესო ნაჭყებიას, ანა წერეთელს, ელენე ჯაფარიძეს, ირაკლი ტრანკაშვილს, იზოლდა მგელაძეს და ციცია ბაწაშვილს საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა. საზეიმო ვითარებაში გამოაცხადა კომპანია მაგთის წარმომადგენელმა ნატალია მუმლაურმა, რომ მაგთიმ საუკეთესო საგამოცდო მაჩვენებლის პირველკურსელს – ნინო ნეფარიძეს ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა თვეში 100 ლარის ოდენობით.

საზეიმო მისალმების შემდეგ სტუდენტებმა სიმბოლურად ზეცისკენ გაუშვეს თეთრი და ლურჯი საჰაერო ბურთები – მომავალი  აღმასვლისა და წარმატების სიმბოლო.

საზეიმო განწყობა გააათმაგა „თბილისის მერიის ბიგ–ბენდის“ კონცერტმა, რომელიც სპეციალურად თსსუ–ის სტუდენტებისთვის წითელ დარბაზში გაიმართა და გამორჩეული იყო გემოვნებითა და დახვეწილი შესრულებით






კონფერენციები

Created By Lemons