თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

თბილისში თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი, 185 საწოლზე გათვლილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძედა სხვა სტუმრები. პრემიერ–მინისტრმა კლინიკის შენობა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც აქამდე საქართველოში არ არსებობდა. თქვენ იცით, რომ 2006 წელს სამედიცინო უნივერსიტეტს რამდენიმე კლინიკა ჩამოართვეს, რაც იყო ძალიან დიდი დანაშაული... ეს არის ჩვენი მთავრობის და სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებეული ერთობლივი პროექტი, რომელიც უკვე დაჯდა 20 მილიონი, საბოლოო ჯამში დაჯდება 25 მილიონი. 5 მილიონი ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით. აქ დასაქმდება 600 ადამიანი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სტუდენტებს, რეზიდენტებს მიეცემათ საშუალება, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული ცოდნა-გამოცდილება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და ყველა იმ ადამიანსს, ვინც პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მაღალი შეფასება მისცა თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენას და კლინიკური გამოცდილების მიღებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მედიცინის სფეროში მომავალი დასაქმების და წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით.

საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკაში მზადებას გაივლის და პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს დაეუფლება 6000–ზე მეტი ქართველი და 2000–მდე უცხოელი სტუდენტი. ამასთანავე, საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც 600 თანამშრომელი დასაქმდა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს არამარტო თბილისის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას“.

  

თსსუ–ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა კვლევებისა და ინოვაციის საბჭოს მეორე გასვლითი სხდომაც. სხდომა გახსნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მადლიერებით აღნიშნა დიდი საქმის დაგვირგვინება – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა.

  

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მეცნიერების განვითარების კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის, უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი დაწესებულებების ავტონომიურობისა და მეცნიერების სტატუსის განსაზღვრის გზებზე. სხდომაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომლის საშუალებითაც კვლევითი დაწესებულებები ჩაერთვებიან უნივერსიტეტების საქმიანობაში სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.

  
 კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი მეცნიერები.

დღის ბოლოს თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენნ თსსუ–ის ადმინისტრაციაული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები. აქვე ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომაც.






კონფერენციები

Created By Lemons