თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია

1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით - 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს) სადღესასწაულოდ გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი, რამაც ეს დღე ერის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვნეს თარიღად აქცია.

ქართული უნივერსიტეტის ფუძემდებლებს კარგად ესმოდათ საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების შემოღების აუცილებლობა. უნივერსიტეტის დაარსების უპირველესი ინიციატორი - სულმნათი ივანე ჯავახიშვილი წერდა - “...ჩვენი სამშობლოს ბუნებაც, უძრავი და მოძრავი, უტყვი და მეტყველი, იმდენად საყურადღებოა მკვლევარისთვის, ადგილობრივი პირობებისა გამო, კაცის სხვადასხვა სნეულებას იმდენი ჯერ კიდევ შეუსწავლელი განსხვავებული თვისებები აქვს, რომ აქაც ჩვენ უმაღლეს სასწავლებლის მეცნიერ ბუნებისმეტყველთა და სამკურნალო ფაკულტეტს ფართო და საპატიო სამოქმედო ასპარეზი ექნება”.

სამკურნალო ფაკულტეტის დაფუძნების ფრიად აქტიური მომხრე უნივერსიტეტის პირველი რექტორი ბატონი პეტრე მელიქიშვილიც იყო. სწორედ მან ქართველ ექიმებთან ერთად ქართველ “ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” სხდომაზე (1917 წლის 12 ოქტომბერს) გამოთქვა აზრი მომავალ უნივერსიტეტში სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გახსნის აუცილელობის შესახებ. 

1918 წლის 27 თებერვალს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადასტურა სამკურნალო ფაკულტეტის შექმნის აუცილებლობა. 17 ივნისს იმავე საბჭომ “ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” თავმჯდომარის სპირი­დონ ვირსალაძის თანდასწრებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნილიყო საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო და სამკურნალო ფაკულტეტი.

1930 წლის 10 ივნისს განხორციელდა თბილისის უნივერსიტეტის რეორგანიზება და დაარსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რაც გახდა საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო მეცნიერების განვითარების ახალი მძლავრი სტიმული. 

დაარსებისას ინსტიტუტს სამი ფაკულტეტი ჰქონდა: სამკურნალო-პროფილაქტიკური (სტომატოლოგიური განყოფილებით), სანიტარულ-პროფილაქტიკური და ფარმაკო-ქიმიური.

სამედიცინო ინსტიტუტის, შემდგომ - სამედიცინო უნივერსიტეტის 80-წლიანი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა დროს ჩამოყალიბდა და ფუნქციობდა შემდეგი ფაკულტეტები: პედიატრიული (1931 წლიდან), სტომატოლოგიური (1936 წლიდან), სამხედრო-სამედიცინო (1993 წლიდან), სამედიცინო-ბიოლოგიური (1994 წლიდან), ფსიქოსომატური მედიცინისა და ფსიქოთერაპიის (1996 წლიდან).

ამჟამად კი სამედიცინო უნივერსიტეტში ხუთი ფაკულტეტია: მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის; სამედიცინო უნივერსიტეტში მოქმედებს 4 უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ზოგადი პროფილის მედდის, ბებიაქალის, ფარმაცევტის თანაშემწის, სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ქვეყანასა და საზოგადოებაში განხორციელებული ობიექტური, რიგ შემთხვევებში - რევოლუციური, მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ცვლილებების ანალიზმა ცხადყო, რომ ინსტიტუტისათვის სამომავლო ამოცანების განსახორციელებლად აუცილებელი იყო უფრო დიდ სივრცეში დამკვიდრება; უკვე ახლადმოპოვებული ავტონომია უნდა შერწყმოდა ახალ - უნივერსიტეტის სტრუქტურას, ანუ სამედიცინო ინსტიტუტი უნდა გარდაქმნილიყო უნივერსიტეტად, რისთვისაც ინსტიტუტის წიაღში უკვე სავსებით ფორმირებული წანამძღვრები არსებობდა. ამ ობიექტური, არგუმენტირებული წინადადების ინიციატორი თავად სამედიცინო უნივერსიტეტი იყო.

1992 წლის 24 ნოემბერი ისტორიული დღეა უმაღლესი სამედიცინო განათლებისათვის საქართველოში, დაიწყო მისი ახალი ეტაპი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.

სამედიცინო უნივერსიტეტი იმთავითვე მოექცა სამედიცინო განათლების რეფორმირების XXI საუკუნის გამოწვევათა დაძლევის ავანგარდში. ჯერ კიდევ 1997 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შემუშავდა შედეგზე ორიენტირებული სასწავლო მეთოდოლოგიის რეალიზების სტრატეგია. ის ევროპელ ექსპერტთა რეკომენდაციებს ეყრდნობოდა. სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე ამ დროიდანაა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრი. იგი მათი დირექტიული თუ სარეკომენდაციო ნორმატიული აქტების არა მარტო განმახორციელებელია, არამედ რეკომენდაციათა შემუშავებასა და სისტემატიზებაშიც მონაწილეობს. ამ უკანასკნელთა მიხედვით კი თანამედროვე, კონკურენტული საერთაშორისო სამედიცინო განათლება სამ ძირითად პრინციპს ითვალისწინებს: კლინიკური აზროვნება, ინფორმაციის მართვა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები; სწორედ მათზეა დაფუძნებული საბაზისო მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება, პროფესიული ფასეულობები და ურთიერთობები.

2006 წლისთვის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში უკვე ამოქმედებული ახალი კანონის რეალიზების აუცილებლობამ, საკუთრივ სამედიცინო განათლების მსოფლიო და ევროპული გამოცდილების უპირატესობათა გასიგრძეგანებამ, სამედიცინო განათლების რეფორმირების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საჭიროებამ სამედიცინო უნივერსიტეტი და აკადემიური სამედიცინო საზოგადოება ძირეული ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ძველი მექანიზმებით ვეღარ იმართებოდა; შესაბამისად, კვალიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტების მომზადების ტრადიციული ფორმები ინოვაციურ ცვლილებებს საჭიროებდა. უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ამოქმედება კი ექიმთა პოსტდიპლომური განათლების პროცესთან კოორდინაციას საჭიროებდა. ეს ყოველივე პრინციპის “სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში” ჰარმონიულ დანერგვას შეუწყობდა ხელს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ სამედიცინო განათლების ამგვარი კონტინიუმის შექმნას სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსები სჭირდებოდა.

ალბათ, ყოველივე ზემოაღნიშნულმა ერთობლიობაში განსაზღვრა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემაში 2006 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინტეგრირდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, ამ ტრადიციული სამედიცინო სკოლების შერწყმამ უნივერსიტეტის ფარგლებში გააერთიანა დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება, ხელი შეუწყო ტრადიციული სამედიცინო და, საზოგადოდ, საბუნებისმეტყველო სპეციალობების მრავალმხრივ განვითარებას.

2007 წელს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შეურთდა სახელმწიფო ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიის სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიც.

ამ მეტად მნიშვნელოვან გაერთიანებებს თან დაერთო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2006 და 2009 წელს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსები. სამედიცინო უნივერსიტეტში 371 სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორია; მათთან ერთად აკადემიურ პროცესში 350 მოწვეული მასწავლებელია ჩართული.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს 40-ზე მეტ უნივერსიტეტსა და ცენტრთან; ერთობლივმა სამეცნიერო კონტაქტებმა მნიშვნელოვან საერთაშორისო თუ ეროვნულ კვლევით პროექტებს მისცეს დასაბამი.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია მაღალინტელექტური, მაღალკვალიფიციური პედაგოგიური პერსონალით და მეცნიერებით. ამ უმაღლესი სასწავლებლის ტრადიციები, გამოცდილება, ავტორიტეტი და პოტენცია იძლევა მისი შემდგომი წარმატებული განვითარების იმედს.






კონფერენციები

Created By Lemons